понедельник, 7 марта 2011 г.

თემა: „ანტიდაბადება ანუ არსებობის მარადისობის დარღვევა“



„შვილის შობის სიხარული ტკივილითა და ცრემლებით მოდის, სწორედ აუტანელ ტკივილს მოაქვს მარადიული სიხარულის განცდა...“ სწორედ ამ უდიდეს გრძნობას დედაშვილობას და მამაშვილობას ეხება ჩემი თემა; თუმცა სხვა ასპექტით განვიხილავ;
ზაფხულის არდადეგებზე წავიკითხე სხვადასხვა ნაწარმოებები; აღმოვაჩინე მათ შორის პარალელები და ამეკვიატა კითხვა: „მაინც რა ემართება მშობელს [დედას ან მამას], როცა საკუთარი ხელით უსწორდება პირმშოს?“
არადა ნახეთ რა ლამაზად ჟღერს გაბრიელა მისტრალის სიტყვები: „ადრე არასდროს მინახავს დედამიწის ნამდვილი სახე, არადა, დედამიწა ჰგვანებია ქალს ხელში ატაცებული ჩვილით. მასაც თავის ვეება მკლავებში ჰყავს ჩახუტებული თავისი ქმნილებები. თანდათან ვიწყებ სამყაროს დედობრივი არსის შეცნობას...“ ან კიდევ ერთი ახალგაზრდა პოეტის სტრიქონები :
„დიდი ხანია ველოდები შენს დაბადებას,
მზეზე გამდნარი მიმოზები ყვაოდა უწინ,
ჩემს სულში თუ რა სასწაული დაიარება,
თითქოს ვხვდები და უფრო უკეთ
უფალმა უწყის...“
აქვე მინდა მოვიყვანო ერთი შვილმკვდარი დედის გულის ამონაკვნესი:
„გადამიფრინდი...
დავალ დაცლილი,
სული ლოდივით ცივი,
თვალები მუდამ ცრემლით ავსილი...
ტკივილი...
სული დაღლილი...“
და სწორედ ამიტომ მაინტერესებს რატომ? რატომ კლავს დაბადებით, სიცოცხლის საწყისით გამოწვეულ სიხარულს, რატომ აშენებს მისივე გენს , მისივე ხელით მშობელი? მინდა თქვენც გაგაცნოთ ჩემი შეხედულება თითოეულ მათგანზე; გარდა ამისა გავეცანი ფსიქოლოგიურ ლიტერატურას , რაც დამეხმარა გამეგო თუ რა ხდება ამ დროს ადამიანის სულში.
ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება სულიერი სამყაროს შესახებ, რთულ მოვლენას შეისწავლის. ამავე იდეით იწყებს თავის ტრაქტატს „სულის შესახებ“ უდიდესი ძველი ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე. მას მიაჩნია, რომ სხვა ცოდნათა შორის პირველი ადგილი სულის შესახებ გამოკვლევებს უნდა მიეკუთვნოს, რადგან „იგი არის ცოდნა ყველაზე უფრო ამაღლებულისა და გასაოცარის შესახებ“.
[სიტყვა ფსიქოლოგია ნიშნავს “მეცნიერებას სულის შესახებ“ (psyche-სული +logos-ცნება, მოძღვრება).]
ფსიქოლოგია შეისწავლის არა მხოლოდ ფსიქიკურ პროცესებს, არამედ სუბიექტის, პიროვნების ინდივიდუალურ თავისებურებებსაც. ფსიქიკური პროცესები სუბიექტის ქცევის სახით ვლინდებიან. ქცევას ფიზიკური და ფსიქიკური მხარე გააჩნია, ის ფსიქოფიზიკური აქტივობაა. ქცევის განხორციელებაში არსებით როლს ფსიქიკური პროცესები ასრულებენ.
ისეთი განცდები, როგორიცაა სიყვარული, შიში, რისხვა, მოწყენილობა, მხიარულება, დარდი და ა.შ. ემოციის სახელით აღინიშნება. რთულ გრძნობებს წარმოადგენს მორალური გრძნობები; მორალური გრძნობები წარმოადგენენ ადამიანის ქცევის ზნეობრივი ღირებულების ან მისი დარღვევის ემოციურ განცდას. ეს გრძნობები მხოლოდ საზოგადოებრივი ურთიერთობის საფუძველზე წარმოიშობიან. საზოგადოებრივ ურთიერთობაში არის მოქმედებები, რომელნიც ზნეობრივად ან უზნეოდ ითვლებიან იმის მიხედვით, თუ როგორია ამ მოქმედებათა საზოგადოებრივი მნიშვნელობა და ღირებულება. მორალური გრძნობები წარმოადგენენ ადამიანის ქცევის ამ ზნეობრივი ღირებულების განცდას გრძნობის სახით. ასეთია, მაგალითად, სირცხვილის ან სიამაყის გრძნობა, ზნეობრივი მოვალეობის თუ სინანულის, სინდისის ქენჯნის, თანაგრძნობის, სიბრალულის, აღშფოთების და სხვა გრძნობები.
უნდა ითქვას, რომ მიღებული კლასიფიკაციით მორალური გრძნობები ინტელექტუალურ და ესთეტიკურ გრძნობებთან ერთად გრძნობის (ვიწრო მნიშვნელობით) კატეგორიას მიეკუთვნებიან, მაგრამ ამ გრძნობათა რიგი (სინანული, სინდისის ქენჯნა, სირცხვილის თუ სიამაყის გრძნობა და სხვ.) ემოციათა ზემოთ მოყვანილი განმსაზღვრელი ნიშნების მიხედვით, უფრო ემოციათა (ვიწრო მნიშვნელობით) ხასიათს ატარებენ: „საგანში გადატანილად“ კი არ განიცდებიან, არამედ საკუთრივ სუბიექტის პიროვნების მდგომარეობად (მე მრცხვენია, მე განვიცდი სიბრალულს...)
ადამიანის დამოკიდებულება ობიექტურ სინამდვილესთან არ ამოიწურება მისი ასახვით აღქმის, მეხსიერების და აზროვნების შემეცნებითი ბუნების პროცესებით; აღქმული, წარმოდგენილი, გააზრებული,შეგრძნებისეულად განცდილი მოვლენები აღძრავენ ადამიანში გრძნობებსაც, ე.ი. ისეთი ემოციური ბუნების შინაგან მდგომარეობებს, რომელნიც გამოხატავენ მის სუბიექტურ, ემოციური ხასიათის დამოკიდებულებას მათ მიმართ-სიამოვნების თუ უსიამოვნების, სიმპათიის თუ ანტიპატიის, აღტაცების თუ ზიზღის, სიყვარულის თუ სიძულვილის და სხვ. გრძნობებს.
გრძნობების ერთ-ერთ ძირითად თვისებად ითვლება მათი პოლარული ხასიათი, მათთვის დამახასიათებელი ერთმანეთის საწინააღმდეგო (პოლარული) მიმართულება. სიყვარულის გრძნობის პოლარულია სიძულვილის გრძნობა, სიხარულის პოლარულია მწუხარება, მხიარულებისა-მოწყენილობა და ა.შ.
ამრიგად, თუ გრძნობის პირველი მიმართულების, ე.ი. სიამოვნება-უსიამოვნების მიმართულების პოლუსებს მოქმედების მიზნის მიღწევასთან მიახლოება თუ პირიქით დაშორება განსაზღვრავს, მეორე მიმართულების ე.ი. აგზნება-დამშვიდების პოლუსებს მიზნისკენ სწრაფი პროცესის დაუსრულებლობა თუ დასრულება განსაზღვრავს.
ეს უკანასკნელი გარემოება განსაკუთრებით იმ მხრივ არის საგულისხმო, რომ მიზნის სრული მიღწევის შემთხვევაში მიღწევის შემდეგ სიამოვნების გრძნობა სუსტდება და კარგავს თავის მასტიმულირებელ მნიშვნელობას სუბიექტისათვის; რაც უფრო ჩვეულად გადაიქცევა სუბიექტისათვის მიღწეული მიზანი (მიღწეული დონე), მით უფრო ჩლუნგდება სიამოვნების გრძნობა და, პირიქით, რაც უფრო ესწრაფის ადამიანი რაიმე მიზანს, მით უფრო აგზნებული და ძლიერი ხდება სიამოვნება მიზნისაკენ მიახლოებისას.
გარკვეული პოზიტიური მნიშვნელობა აქვს „გზის გრძნობის“ აგზნებულს, ხოლო შედეგის გრძნობის „დამშვიდებულ“ ხასიათს წუხილის შემთხვევაშიც. მოსალოდნელი უბედურების მოახლოებისას წუხილის გრძნობა ძლიერდება, უკვე მომხდარი უბედურების შემდეგ ტანჯვა თანდათან კლებულობს. მაგ: მატეო ფალკონე, როდესაც შვილს კლავს თითქმის გულგრილად პასუხობს ცოლს...
სანამ კონკრეტულ მაგალითებს განვიხილავ ნაწარმოებებიდან, მანამ ფსიქოლოგიიდან მიმოვიხილავ ემოციასა და აფექტის მდგომარეობას. გამოჩენილი ფრანგი ფსიქოლოგი-პ.ფრესი ადამიანის მოქმედებაში და კერძოდ, მოტივაციის საკითხში დიდ როლს ემოციებს აკუთვნებს.
გრძნობის დინამიკურობასთან დაკავშირებით ემოციას ხშირად იხილავენ როგორც ადამიანის ქცევის მამოძრავებელ ძალას, როგორც ქცევის „ძრავას“. ვ.შტერნი ძალიან დიდ მნიშვნელობას აძლევს ადამიანის ცხოვრებაში ამ მარეგულირებელ გრძნობებს. მას მიაჩნია, რომ ადამიანის ყოველდღიურ მოქმედებათა დიდი ნაწილის რეგულაცია სწორედ ასეთი ემოციონალური ბუნებისა არის. ყოველი მოქმედება, რომელიც არ არის ბოლომდე ავტომატიზებული, მაგრამ უკვე აღარ არის სავსებით ნებისმიერი და შეგნებილი, ვიშტერნის აზრით, გრძნობითაა რეგულირებული.
ძლიერი ემოციის, განსაკუთრებით აფექტის შემთხვევაში, როდესაც ადამიანი კარგავს შეგნებული, ნებისმიერი მოქმედების უნარს, მის ქცევას მთლიანად ძლიერი ემოცია -აფექტი წარმართავს. ძლიერი ემოციონალური აგზნება უნებლიედ გადადის მოქმედებაში, რის შედეგადაც მოქმედება სავსებით იმპულსურ ხასიათს ატარებს.
აფექტები წარმოადგენენ ერთბაშად წამოჭრილს, სწრაფად წარმავალ და უკიდურესად ინტენსიურ ემოციას, რომელიც მის განცდის მომენტში ეუფლება პიროვნებას, წარმართავს მის ქცევას და ძლიერი გამომსახველი მოძრაობით ხასიათდება.
აფექტის დროს ირღვევა წონასწორობა სუბიექტსა და გარემოს შორის ხშირად იმდენად, რომ სუბიექტი იძლევა მიზანშეუწონელ, ზოგჯერ ქაოტურ რეაქციას. აფექტს ახასიათებს შემდეგი ძირითადი მომენტები: უპ.ყოვლისა დიდი ინტენსივობა და მწვავე ხასიათი. აფექტი მთლიანად მოიცავს ადამიანის ცნობიერებას, რომელიც აფექტის გამო ვიწროვდება; აფექტი აღარ უტოვებს ადგილს სხვა განცდებს; ცნობიერების შევიწროებულ ველში არ შემოდის სხვა შინაარსები. ამიტომაა, რომ აფექტით შეპყრობილ ადამიანს არ ესმის ხოლმე რჩევისა და დამშვიდების სიტყვები, რომლითაც მას მიმართავენ. აფექტის დროს ადამიანს არ შეუძლია ობიექტურად მსჯელობა, მოცემული პირობების ან თავისი ქცევის საღი შეფასება და ა.შ. ძლიერი აფექტი ადამიანის მოქმედების დეზორგანიზაციას იწვევს; ადამიანი კარგავს საკუთარი ქცევის შეგნებული რეგულაციის უნარს.
მაგრამ ეს მდგომარეობა არ გრძლდება დიდხანს: აფექტი მცირე ხანიერებით ხასიათდება. მას „ფეთქადს“ ემოციას უწოდებენ-იგი უცბად იფეთქებს და ისევ უცბად გაივლის.
ზემოთქმულთან ერთად აფექტს ახლავს ძლიერი სხეულებრივი გამოსახულებანი-გულისცემის, სუნთქვის, სისხლის მიმოქცევის, მიმიკის და სხვა სხეულებრივი პროცესების მკვეთრი ცვლილებები.
აფექტს წარმოადგენს, მაგალითად, ძლიერი რისხვა, რომელიც იპყრობს ადამიანს და შეიძლება ისეთი რამ ჩაადენინოს, რასაც ის შეგნებულად არასდროს არ მოიმოქმედებდა. ან. მაგალითად, ძლიერი შიში, რომელიც იპყრობს ადამიანს და წარმართავს მის ქცევის ზოგჯერ თვით სუბიექტისათვის მოულოდნელი მიმართულებით (პანიკური შიში). აფექტის სახით შეიძლება იყოს განცდილი ძლიერი სიხარული (სიხარულის აფექტი) ან მწუხარება და ა.შ.
აფექტს ჰყოფენ ორ დიდი ჯგუფად: სთენიკურ (სიძლიერის) და ასთენიკურ (სისუსტის) აფექტებად. სთენიკური აფექტებისათვის დამახასიათებელია თანმხლები სხეულებრივი პროცესების გაძლიერება და, საზოგადოდ, ინდივიდის მოძრაობათა და ფსიქიკურ პროცესთა გაცხოველება; გულისცემა და სუნთქვა ძლიერდება, სისხლის მილები ფართოვდება, კუნთების ძალა მატულობს, აზრები და წარმოდგენები სწრაფად მიმდინარეობენ აფექტით ნაკარნახევი მიმართულებით. ტიპურ სთენიკურ აფექტებად ითვლება რისხვის, სიხარულის, აღტაცების, აღფრთოვანების აფექტები.
ასთენიკური აფექტებისათვის, პირიქით დამახასიათებელია ყველა ზემოაღნიშნული პროცესების მოდუნება, დასუსტება, გულისცემა ნელდება და სუსტდება, სუნთქვა ჩერდება, ადამიანი ფითრდება, გულისცემა ნელდება და სუსტდება, ადამიანი გაშეშდება, წარმოდგენათა და აზრთა მიმდინარეობა ფერხდება და ა.შ. ტიპიურ ასთენიკურ აფექტად თვლიან შიშს, განცვიფრების აფექტს...
მაგრამ უნდა ითქვას, რომ საზოგადოდ აფექტის აღმოცენება დამოკიდებულია ადამიანის თავისებურებაზე – მის ტემპერამენტზე და ა.შ., ისე აფექტის შემასუსტებელი თუ გამაძლიერებელი გამოვლინებაც სასიცოცხლო პროცესების მიმართ დამოკიდებულია არა მხოლოდ თვით აფექტის სახეზე (მაგ: რისხვის აფექტია ეს თუ შიშის და ა.შ.), არამედ პიროვნების ტიპზედაც. ზოგიერთი ტიპის ტემპერამენტის და ხასიათის ადამიანი რისხვის აფექტსაც ზოგჯერ ასთენიკური გამოვლინებებით განიცდის, ზოგი კი მწუხარების აფექტსაც ძლიერ სთენიკური გამოვლინებებით განიცდის, აფექტის განცდის სთენიკური და ასთენიკური გამოვლინება დამოკიდებულია აგრეთვე მოცემული აფექტის ინტენსივობაზედაც და მთელ იმ სიტუაციაზე, რომელშიც აღმოცენდება აფექტი, - რა განცდები უსწრებდა მას წინ, რამდენად ხანგრძლივი იყო ეს ემოცია, რომელიც აფექტში გადაიზარდა და ა.შ.
აფექტის ერთ-ერთი სახეა პათოლოგიური აფექტი, იგი ვითარდება ცნობიერების შეცვლის ფონზე (მისი შევიწროებიდან ბინდისებრ მდგომარეობამდე). ხასიათდება გამომწვევ მიზეზებთან შეუთავსებელი, არაადეკვატური რეაქციით. ემოციური განცდა შედარებით ძლიერია, ქცევები უაზრო სისასტიკით გამოირჩევა, ადამიანს არ ხელეწიფება საკუთარ ქცევაში კორექციის შეტანა. ვერ აცნობიერებს ჩადენილ საქციელს და ითვლება შეურაცხადად.
მოდი ეხლა მივყვეთ ჩემი კვლევის ობიექტების კვალდაკვალ, განვიხილავ და წარმოგიდგენთ ჩემეულ ვერსიას თუ რატომ მივიდნენ აქამდე (შვილის თუ შვილების მკვლელობამდე) მშობლები:
სიყვარულის თავდავიწყებამ წაიღო და ონისემ („ხევისბერი გოჩა“) გუშაგის მოვალეობა დაივიწყა, მტერი შემოეპარა.
უცხო ტომის ქალი შეუყვარდა და ანდრი („ტარას ბულბა“) დუშმანის მხარეს გადავიდა. ესეც არ იკმარა და თავისიანებს მედგარი ბრძოლა გაუმართა.
ბავშვურ სულწასულობას ვერ მოერია და ფორტუნადომ („მატეო ფალკონე“) ბანდიტი სანპიერო გასცა.
1881 წლის 1 მარტის ამბებია გადმოცემული ი.რეპინის სურათში (ი.რეპინი „ივანე მრისხანე და მისი შვილი“; 1885 წ. ტრეტიაკოვის გალერეა), როცა მეფის მოძალადეებმა კიდევ ერთხელ ჩაახშვეს ამბოხებული ხალხი.
იასონის სიყვარულით დაბრმავებული მედეა (ბერძნული მითი) ყოველგვარ ზღვარს სცილდება.
ჰერას ოინების მსხვერპლი ხდება ცნობილი ღმერთკაცი ჰერაკლე, რომელიც 12 გმირობას სჩადის ცოდვათა გამოსყიდვის მიზნით (ბერძნული მითები).
განრისხებული ქალღმერთის არტემისის გულის მოგების მიზნით აგამემნონი მზადაა ქალღმერთს საკუთარი ქალიშვილი იფიგენია შესწიროს (ბერძნული მითები).
შინაურების მტრის ხელში საჯიჯგნად არ ჩაგდების მიზნით ბაკური (ვაჟა-ფშაველა „ბაკური“) მზადაა საკუთარი ხელით დახოცოს ცოლ-შვილი.
აბრაამი, „რწმენის მამა“ მზადაა უფალს მხოლოდშობილი ძე შესწიროს (ძველი აღთქმა); თვით უფალიც, ძე ღვთისა ხომ ხალხთა ცოდვის გამო შეიწირა (ახალი აღთქმა).
ძველი აღთქმის ერთ-ერთი მსაჯული იეფთაე მზადაა უფალს შესწიროს ის, ვინც პირველი შემოხვდება შინ დაბრუნებულ ჭიშკართან, ოღონდ გაიმარჯვოს მტერთან ბრძოლაში.
არც ხევისბერმა გოჩამ, არც ტარას ბულბამ, არც მატეო ფალკონემ შვილებს დანაშაული არ შეუნდეს და სიკვდილით დასაჯერს. ხოლო მედეამ შურისძიების მიზნით დახოცა ორივე შვილი, ჰერაკლე კი ჰერასგან მოჯადოებული ვერ აცნობიერებდა საკუთარ საქციელს და შვილებიც და ძმისშვილებიც ერთად ამოხოცა, რასაც შემდგომ ძალიან ნანობს. ბაკურმა კი მოსალოდნელ საფრთხეს სიკვდილით ააცილა ცოლ-შვილი. ჰერაკლე კი ჰერას წამლის მოქმედების ქვეშაა, როცა ხოცავს შვილებს. იფიგენია და იეფთაეს ასულიც მამების აღთქმას ეწირებიან მორჩილად და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე.
თითოეულმა მათგანმა: ონისემ, ანდრიმ, ფორტუნადომ, ბაკურმა, მედეამ, ჰერაკლემ, აგამემნონმა, იეფთაემ მძიმე დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ მკითხველი მაინც არა არის მათ მიმართ უარყოფითად განწყობილი, ებრალება ისინი და მათდამი თანაგრძნობის ნაპერწკალიც უღვივის გულში. ეს გამოწვეულია იმით, რომ, ისინი მზად არიან სიცოცხლის დათმობით გამოისყიდონ დანაშაული. მხოლოდ პატარა ფორტუნადო შედრკება სიკვდილის წინ, მამას შეევედრება, ნუ მომკლავო, მაგრამ ეს სრულად გასაგებია – ფორტუნადო ათი წლის ბიჭი იყო.
თავად აღიარა დანაშაული ონისემ თემის სასამართლოს წინაშე. თუ ონისე გაჩუმდებოდა, სიმართლეს არ იტყოდა, დაისჯებოდა უდანაშაულო გუგუა. ამით კიდევ უფრო ცოდვილი გახდებოდა ონისეს სინდისი. იგი გამოუტყდა როგორც მამას, ისე საზოგადოებას...
„-შესდეგ, ხევისბერო, გუგუა მართალია!-დაიძახა ონისემ...
-სთქვი რას ამბობდი?
-გუგუა მართალია-მეთქი, ტყუილად ნუ დასჯით... გუგუას და მე მიზეზი გვაქვს ერთმანეთის მოსისხლენი შევქმნილიყავით... ეგ მთიდან რომ მოდიოდა, ბილიკებზედ იმად დაეშვა, რომ მე მოვეკალ...მაგრამ გზაში მტერს შეხვდა და მოღალატობას ტყუილად სწამობთ...მოძმეთ ცოდო მე მაძევს კისერზედა, ჩემი ბრალია მათი გაწყვეტა...“
ონისემ იცის, რაც ელის დანაშაულისათვის, მაგრამ მისთვის ჭეშმარიტება უფრო ძვირფასია, ვიდრე საკუთარი სიცოცხლე.
არსებითად განსხვავდება ანდრი ბულბას საქციელი ონისეს ქმედებისაგან.
ანდრი ბულბა ბრძოლის დროს შეიპყრო მამამ. ანდრი პოლონელ ჰუსართა პოლკში იყო და კაზაკებს ებრძოდა. როცა ტარასმა შეამჩნია იგი, თავისიანებს სთხოვა, ტყეში შემოიტყუეთო. კაზაკმა გოლოკოპიტენკომ შეასრულა ტარასის დავალება; ის-ის იყო ანდრი გოლოკოპიტენკოს უნდა დასწეოდა , რომ ცხენის აღვირში უტაცა მამამ შვილს ხელი და გააჩერა. მამის დანახვაზე ანდრი გაფითრდა და აცახცახდა. ტარასმა ცხენიდან ჩამოსვლა უბრძანა. როგორც ბავშვი, მორჩილად ჩამოხტა იგი ცხენიდან და მკვდარ-ცოცხალი გაჩერდა ტარასის წინ. „იდექ, აქ არ გაინძრე. მე გშობე, მევე უნდა მოგკლა!“-თქვა ტარასმა, გადადგა ერთი ნაბიჯი უკან და მხრიდან თოფი გადმოიღო. ანდრის ნაცრისფერი დასდებოდა, ეტყობოდა, ჩუმად ტუჩებს ამოძრავებდა, ვიღაცის სახელს ახსენებდა, მაგრამ არ იყო იგი არც სამშობლოს, არც დედის, არც ძმების სახელი – არამედ ტურფა პოლონელი ქალისა. დასცალა თოფი ტარასმა.“
ანდრიმ უდრტვინველად მიიღო სასჯელი, მაგრამ არ განუცდია ღალატის გამო სინდისის ქენჯნა. დანაშაულის გაცნობიერება არ მომხდარა. ისევე როგორც ანდრის პოლონელი ქალი, ონისესაც თავდავიწყებით უყვარდა ძიძია, მაგრამ ხევისბერის შვილმა მაინც მოახერხა სიყვარულის ბანგისაგან განთავისუფლება. ანდრიმ ეს ვერ შესძლო. სიკვდილის წინ იგი მაინც მიჯნურის მონა იყო.
ონისე და ანდრი – პატიოსანი ადამიანები არიან, მაგრამ ეს პატიოსნება სხვადასხვაგვარია;
ონისეს პატიოსნებას, მართალია დანაშაულის თავიდან აცილება არ შეუძლია, მაგრამ სამაგიეროდ ძალუძს დანაშაულის გაცნობიერება, მონანიება და სასჯელის მიღებაც, თუნდ იგი სიკვდილიც იყოს.
ანდრი ბულბას პატიოსნება სხვაგვარად ფიქრობს: სიყვარულის ერთგულება უფრო მაღალ მოვალეობად მიაჩნია, ვიდრე თანამოძმეებისა. ანდრი არ ინანიებს თავის დანაშაულს. არც სასჯელს იღებს ნება ყოფლობით, ანდრი ბულბასთვის მამის სასჯელი გარდუვალი აუცილებლობაა, რომლისგან თავის დაღწევა გამორიცხულია. როცა ვაჟა-ფშაველას, ალ.ყაზბეგის, მედეას, გოგოლისა და პროსპერ მერიმეს პერსონაჟებს ვაკვირდები, შეიძლება ვიფიქრო, რომ დანაშაული არ უნდა მომხდარიყო, რამეთუ არც ერთს არ აკლია არც პატიოსნება, არც ნებისყოფა, არც ვაჟკაცობა. მაგრამ ეს პირველი შთაბეჭდილებაა. მათი ხასიათის ღრმად შეცნობის დროს თანდათან გამოიკვეთება და გამომჟღავნდება მათი სულიერი სამყაროს ხარვეზები. ეს გახლავთ მორჩილება ვნებისადმი. ონისეეც, ანდრიც ვნების მორჩილნი არიან, ფორტუნადო კი ბავშვური სიხარბის, უფრო სწორედ, სულწასულობის მსხვერპლია. მედეა შურისძიების მსხვერპლია; ჰერაკლე-ჰერას მზაკვრობის; იფიგენია და იეფთაეს ასული მამების აღთქმის მორჩილნი.
ონისესა და ანდრის საქციელს პიროვნების სიყვარული უდევს საფუძვლად, თუმცა ტრფობისადმი მათი დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია.
ონისემ კარგად იცის, რომ არა აქვს ძიძიას სიყვარულის უფლება. ჯერ ერთი, ძიძია სხვისი ცოლია და მეორეც, ონისე გუგუას ხელისმომკიდეა. ონისე ებრძვის გულში დაბუდებულ ტრფობას, ცდილობს გაექცეს, დაემალოს მას, მაგრამ ამაოდ. იგი ვერ ამართლებს მამის დარიგებასაც - „გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ და კაცი კი ტანჯვისთვის არის გაჩენილი... ვინძლო ქვეყანა არ გააცინო...“
ძიძიას სიყვარული ყველაფერზე ძლიერი აღმოჩნდა და ონისემ დანაშაული ჩაიდინა.
ასეთივე ყოვლისმომცველი და ძლიერია ანდრის სიყვარულიც, მასაც თავდავიწყებით უყვარს პოლონელი ვოევოდას ასული, როცა ანდრი ალყაშემორტყმულ დუბნოში შეიპარა და საყვარელი ქალის ოჯახს საზრდელი მიუტანა, უარი თქვა, უკან, კაზაკთა ბანაკში დაბრუნებულიყო. „სამშობლო ის არის, რასაც სული დაეძებს, რაც ყველაზე მეტად შეგყვარებია. ჩემი სამშობლო შენ ხარ“, - უთხრა ანდრიმ ნანდაურს. საერთოდ , რომანის კონცეფციით, სიყვარული უძლეველ ძალად არის მიჩნეული. ერთ-ერთი პერსონაჟი, ებრაელი იანკელი ტარას ბულბას ეუბნება – როცა კაცს ქალი შეუყვარდება, იგი დაემსგავსა წყალში დამბალ ლანჩას, როგორც გინდა ისე მოღუნავ. ანდრის დანაშაულიც ამით არის გამოწვეული.
თუ ამ პროტაგონისტს ერთმანეთს შევადარებთ, მკაფიოდ დავინახავთ, რომ მათ შორის ყველაზე ტრაგიკულია ონისე. მას გულწრფელად და ალალად უყვარს ძიძია. ონისეს სიყვარული ნამდვილია. ამიტომაც ვერ დააღწია თავი ამ ტრფობას.
ონისე ანდრი ბულბაზე ღრმა პიროვნებაა იმით, რომ მოვალეობას უფრო მეტად აფასებს, ვიდრე პირად გრძნობას. თანამემამულეთა მიმართ ჩადენილ დანაშაულს მძაფრად განიცდის და მზად არის ყოველგვარი სასჯელის მისაღებად. ანდრი ბულბა კი პირად გრძნობას ამჯობინებს სამშობლოს. სრულიად არ განიცდის თანამემამულეთა წინაშე ჩადენილ დანაშაულს. თუ, ბოლოს და ბოლოს, ონისეში მოყვასის სიყვარული იმარჯვებს, ანდრი სიკვდილამდე სიყვარულით გამოწვეული ეგოიზმის ერთგული რჩება.
რა თქმა უნდა, პატარა ფორტუნატო ვნებათა ამ სიმძაფრემდე ვერ მიდის. იგი ბავშვური სულწასულობის მსხვერპლი ხდება. როცა მას სერჟანტი გამბა საათის ჩუქებას შეჰპირდა – თუ იგი იტყოდა, სად იმალებოდა ჯანეტო – ბიჭმა ცდუნებას ვერ გაუძლო და თივის ბულულში დამალული ბანდიტი გაყიდა. ამ დანაშაულის საფუძველი სიხარბეა. ფორტუნატოს სიხარბე გაუცნობიერებელია და ამდენად, მისი დანაშაულიც უნებლიეა.
სიხარბეა „ხევისბერ გოჩაშიც“ ბოროტმოქმედების საფუძველი. ამჯერად ფეოდალის გაუმაძღრობით ვლინდება იგი. ნუგზარ ერისთავს არ ჰყოფნის უკიდეგანო მამული და თავისუფალი ხევის დაპყრობაც სურს. მზად არის ძმა ძმას გადაჰკიდოს და მეზობელს მეზობლის სისხლი აღვრევინოს, რათა სიხარბე დაიკმაყოფილოს, მტერ-მოყვარე დააშინოს და ყველა დაიმორჩილოს. ნუგზარ ერისთავის სიხარბე დიდია და ვრცელი. მას ვერ დააკმაყოფილებს ცალკეულ პირთა მორჩილება. ნუგზარის მადა მთელი ხალხის მორჩილებას ითხოვს.
ნუგზარის უსაზღვრო სიხარბემ გამოიწვია ძმათამკვლელი ომი. ომმა კი გაამჟღავნა ყველა დამალული ტკივილი.
„ტარას ბულბაშიც“ სიხარბე ამოქმედებს კაზაკთა სპასაც. „აქ მუდამ ჰპოვებდნენ საქმეს ომის, ოქროს თასების, ძვირფასი ფარჩების, ბაჯაღლო ოქროებისა და სხვა დიდების მოყვარულნი,- ყველა, გარდა ქალის თაყვანისმცემლებისა, რადგან ქალი სეჩის გარეუბანშიც კი ვერ გაბედავდა გამოჩენას“,- წერს გოგოლი. მართალია, ნათქვამია ისიც, რომ მართლმადიდებლობას იცავდნენ, ურჯულოებს – თურქებსა და თათრებს – ებრძოდნენო, მაგრამ ეს რომანში რიტორიკული განცხადებაა. საქმით კი ომის დამწყები კაზაკები არიან, ტარას ბულბას თავკაცობით.
მშვოდობიანობაა, კაზაკებს არავინ ემუქრება. ასე არ მოსწონდა ტარასს. „ამიტომაც მუდამ იმის ფიქრში იყო, როგორმე სეჩი სალაშქროდ აღეძრა, სადაც ყველას შეეძლებოდა თავისი რაინდობა დაემტკიცებინა, საომარი ნიჭი გამოეჩინა. ბოლოს, ერთ დღეს მივიდა ტარასი კოშევოისთან და უთხრა პირდაპირ:
„-რაო, კოშევოი, განა დრო არ არის, გაინავარდონ სადმე ზაპოროჟიელებმა?
-საით მერე? - მიუგო კოშევოიმ, პირდაპირ პატარა ჩიბუხი გამოიღო და გვარდზე გადააფურთხა.
-როგორ თუ საით? შეიძლება თურქებზე ან თათრებზე გავილაშქროთ.
-არ შეიძლება არც თურქებზე, არც თათრებზე, - უპასუხა კოშევოიმ და ისევ გულგრილად ჩაიდო პირში ჩიბუხი.
-როგორ თუ არ შეიძლება?
-ისე, სულთანს მშვიდობიანობის პირობა მივეცით.
-მერე ის ხომ ბუსურმანია: ღმერთიც და საღმრთო წერილიც გვიბრძანებს მათ ამოწყვეტას.
-უფლება არა გვაქვს. სარწმუნოებაზე რომ არ შეგვეფიცნა, იქნებ კიდევ მოხერხდებოდა, მაგრამ ახლა არ შეიძლება.
-როგორ თუ არ შეიძლება? როგორ ამბობ, უფლება არა გვაქვსო? აი, მე ორი შვილი მყავს, ორივე ახალგაზრდა, არც ერთი ჯერ ომში არ ყოფილა. შენ კი ამბობ: ვერსად წავალთ ზაპოროჟიელებიო.
-ჰოდა, ასე, არ შეიძლება.
-მაშ აგრე უქმად უნდა იყოს კაზაკის ძალ-ღონე მინებებული, რომ ძაღლივით გადიღრძოს კაცი და ერთი კეთილი საქმე არ გააკეთოს, სამშობლოსა და საქრისტიანოს არაფერი სარგებლობა არ მოუტანოს? („რბევა-აწიოკება ჰგონია ტარას ბულბას სამშობლოსა და ქრისტიანობის სამსახური“-აკ.ბაქრაძე). მაშ, თუ აგრეა, მითხარი, რადღა ვცოცხლობთ, სიცოცხლეს რა ეშმაკად ვაქნევთ?“
ამ კითხვაზე კოშევოიმ არ უპასუხა, მაგრამ ომის გაჩაღებაზე კი მტიცე უარი მოახსენა. გაბოროტებულმა ტარასმა კაზაკები წააქეზა – ძველი კოშევოი გადავაყენოთ და ახალი დავსვათო. ასეც გააკეთეს.
„მეორე დღეს ტარას ბულბა უკვე მოელაპარაკა ახლადამორჩეულ კოშევოის, ზაპოროჟიელნი როგორ უნდა ამხედრებულიყვნენ და ვის წინააღმდეგ. კოშევოი ჭკვიანი და ეშმაკი კაზაკი იყო, მასთან ზაპოროჟიელთა ზნე-ხასიათის მეტად კარგად მცოდნე: „არა, ფიცის დარღვევა არ შეიძლებაო“, უპასუხა პირველად ბულბას, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ დასძინა: „არა უშავს რა, ვინძლო ფიცს არ დავარღვევთ. ესე რასმე მოვიმიზეზებთ, ოღონდ ხალხი შეიკრიბოს, მაგრამ ჩემი ბრძანებით კი არა, თავისით,- ეს თქვენ უკვე იცით, როგორ მოახერხოთ, - მაშინ ჩვენც სტარშინებთან ერთად უცბად იქ გავჩნდებით მოედანზე, ვითომ არა ვიცით რა“.
კაზაკობა მოედანზე შეიკრიბა. დაიწყო სჯა-ბაასი, მზაკვრულად ხლართავდა საქმის ვითარებას კოშევოი. თან ხალხს მშვიდობისკენ მოუწოდებდა, თან ომისაკენ აქეზებდა. ამ დროს ტანსაცმელშემოფლეთილ კაზაკთა ერთი ჯგუფი გამოჩნდა. ამბავი მოიტანეს – შავ დღეში ჩაცვივდნენ გეტმანშჩინაში კაზაკები.
თურმე ურიებს იჯარით აუღიათ საყდრები და თუ წინასწარ ქრისტიანი ფულს არ გადაიხდის, წირვა – ლოცვას ვერ ჩაატარებს.
თურმე, თუ ურია პასქას ნიშანს არ დაასვამს მისი კურთხევა არ შეიძლება
თურმე ქსენძები ტარატაიკებით დადიან უკრაიმაში და, ცხენების მაგიერ, შიგ მართლმადიდებელ ქრისტიანებს აბამენ.
თურმე ურიის ქალები ქვედა კაბებს მღვდლის ფილონებისაგან იკერავენ.
თურმე გეტმანი სპილენძის ქვაბში მოუხრაკავთ და პოლკოვნიკებს მისი ხელ-ფეხი ბაზრობაზე დააქვთ.
ეს მტკნარი სიცრუეა ბრბოს ასაღელვებლად გამოგონილი, მაგრამ რაც ეშმაკურად მოიფიქრეს, ეშმაკურად განახორციელეს. კაზაკთა სპა ქალაქ დუბნოს შეესია.
როგორც ხედავთ, თუ „ხევისბერ გოჩაში“ მოხევეები თავს იცავენ მოძალადეებისაგან, „ტარას ბულბაში“ კაზაკები თავად პირველნი ესხმიან თავს მშვიდობიან ქალაქს.
თუ ნუგზარ ერისთავის სიხარბე სამფლობელოს გაფართოების სურვილით ვლინდება, ტარას ბულბას და მისი ამხანაგების სიხარბე დავლის, ალაფის შოვნით გამოიხატება, რაც გარეგნულად ვაჟკაცობის სახელით არის შენიღბული.
როგორც ცნობილია, სიხარბე მხოლოდ ადამიანის თავისებაა. ბუნება ამ გრძნობას არ იცნობს, მან იცის მხოლოდ აუცილებელი. ადამიანი კი ყოველთვის ცდილობს აუცილებელს მიუმატოს სიხარბე და სწორედ აქ ჩნდება დანაშაული.
ყოველი ადამიანის მშვინვიერ სამყაროში არსებობს კონფლიქტი აუცილებელსა და სიხარბეს შორის. თუ ადამიანმა მოახერხა და სძლია სიხარბეს, დაკმაყოფილდა აუცილებლობით, მაშინ იგი იძენს სულიერ წონასწორობას, ერწყმის ბუნების ჰარმონიას და მონოლითურად მთლიანია. მან ამ გზით უკვე მოკვეთა ბოროტი და, ბუნებრივია, გაემიჯნა დანაშაულს. თუ აუცილებლისა და სიხარბის კონფლიქტის დროს ადამიანმა დაუთმო სიხარბეს, ვერ დაჯაბნა იგი, მაშინ ბოროტი იმარჯვებს და დანაშაულიც გარდააუვალია.
დაცემული, შეცდომილი რომ აღდგეს, აუცილებელია სასჯელი, რაც დაუვიწყარ გაკვეთილად დარჩება არა მარტო დამნაშავეს, არამედ ყოველ ადამიანს, ამიტომ სასჯელი სამაგიეროს მიზღვა კი არ უნდა იყოს, არამედ ზნეობრიობის დემონსტრაცია. მამამ [დედამ] შვილი [შვილები] მოკლა, ამით ხდება სამაგიეროს გადახდა, ერთი დანაშაულის შეცვლა მეორეთი, ბოროტების მოკვეთა ბოროტებით. სასჯელი მაშინ გახდებოდა ზნეობრივი აქტი, როცა იგი გამოიხატებოდა არა ახალი დანაშაულით, არა ძალდატანებით, არა ბოროტებით, არამედ იმის მაგალითის ჩვენებით, როგორი უნდა იყოს პატიოსანი ადამიანის დამოკიდებულება დანაშაულისადმი. ჭეშმარიტად პატიოსანია მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც მიაჩნია, რომ თავადაც აგებს პასუხს სხვისგან ჩადენილი ბოროტმოქმედების გამო.
ჩვეულებრივ როცა ერთი ადამიანი სჩადის სიკეთეს, მას სხვებიც ეტმასნებიან და ყოველგვარად ცდილობენ ამა თუ იმ დოზით იყვნენ მისი თანაზიარი. კეთილის თანაზიარობაზე არავინ ამბობს უარს, დიდი თუ პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ქალი თუ კაცი კეთილის ქმედებას წარმოადგენს კოლექტიურად, ერთიან საზოგადოებრივ აქტად. ბოროტის, დანაშაულის მიმართ ეს გრძნობა არ არსებობს. ბოროტი და დანაშაული ყოველთვის გვინდა წარმოვიდგინოთ, როგორც ინდივიდუალური ქმედება, გავემიჯნოთ მას, ჩავთვალოთ, რომ დანაშაულს სჩადის ერთი, ინდივიდი, სხვა ყველა კი უმწიკვლო ვართ, მთლად ასე არ არის; როგორც კეთილს ვერ მოიმოქმედებს ადამიანი მარტოდმარტო და მას მოყვასის თანადგომა სჭირდება, ასევეა ბოროტიც. ვერც მას ჩაიდენს ინდივიდი მარტოდმარტო. მასაც სხვათა მხარდაჭერა სჭირდება. ამიტომ ბოროტების ქმედების თანაზიარი ყოველთვის არის საზოგადოება. მართალია, იურიდიულად სამართლის წინაშე ბოროტმოქმედი მარტო დგას, მაგრამ ზნეობრივი გასამართლების დროს, ინდივიდის გვერდით, საზოგადოებაც იგულისხმება. მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ ეს პიროვნების პასუხისმგებლობას ამცირებს და შეღავათს აძლევს. მართალია კ.გამსახურდია, როცა ამბობს - „არის რაღაც საშინელი მოირა იმ გარემოებაში, რომ ათასების ტკივილი ერთმა უნდა გადაიტანოს, ათასების მაგივრად ერთია მლოცველი და ჯვარზე გამსვლელი, ათასების ვარამი ერთმა უნდა იგრძნოს, ასეთი იყო მოსე, ასეთი იყო ბუდა, ასეთი იყო ქრისტე“. რა თქმა უნდა, ყოველ პიროვნებას არ ძალუძს მოსეს, ბუდას ან ქრისტეს ძალა შეიძინოს, მაგრამ მათი ცეცხლის პაწია ნაპერწკალი მაინც უნდა უღვივოდეს სულში, სხვაგვარად პიროვნება ვერ იქნება. ვერ ზიდავს ზნეობრივი პასუხისმგებლობის ტვირთს. ამის შეგნება კი ყოველ ინდივიდს უნდა ჰქონდეს.
არც ხევისბერ გოჩას, არც ტარას ბულბას, არც მატეო ფალკონეს დანაშაული და დანაშაულის მიზეზი საკუთარ თავში არ უძებნიათ [გადააბრალეს შვილებს], ხევისბერმა დააყვედრა კიდეც შვილს - „მაშ, ეგრე გაიგონე ჩემი დარიგება? წყეულიმც იყავ, ყველასგან მოძულებული, დედმამის საფლავიდან ამომგდებო!...“ ვერც თემის თხოვნამ - „შენს შვილს ხევი არ გაუყიდია, მხოლოდ ყმაწვილკაცობას გაუტაცნია და თავდავიწყებას ჩაუგდია...“-შეანელა გოჩას მძვინვარება, მამამ შვილი სატევრით განგმირა.
სრულიად გულგრილად, ისე, რომ ხელიც არ აკანკალებია, მოკლა შვილი ტარას ბულბამ. იგი დაჰყურებს მკვდარ ანდრის და ამბობს: „რით არ იქნებოდა კაზაკი?...ტანი მაღალი, შავი წარბები, სახე ნაზი, კეთილშობილი, მკლავი მაგარი ბრძოლაში-და დაიღუპა! ძაღლივით უსახელოდ დაიღუპა!...“ასე შვილზე კი არა, მტერზეც ვერ ილაპარაკებ. როცა ოსტაპმა ანდრის დამარხვა სთხოვა მამას, ტარასმა უპასუხა: „უჩვენოდაც დამარხავენ ჭირისუფლები და ნუგეშინისმცემელნი გამოუჩნდებიან!..“ მართალია, მერე ორიოდე წუთით დაფიქრდა – დაემარხა თუ არა შვილი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ვეღარ მოასწრო, რადგან მტერი უტევდა და იძულებული გახდა გაქცეულიყო.
როცა ანდრის ვადანაშაულებთ, ერთი რამ უთუოდ უნდა გავითვალისწინოთ: იგი შესძრა კაზაკების მიერ ალყაშემორტყმულ დუბნოში ნახულმა სურათმა.
ანდრის სუსტი კვნესა შემოესმა თითქოს, მიმოავლო თვალი და შეამჩნია, რომ მოედნის მეორე მხარეს ორი თუ სამი ადამიანი იწვა მიწაზე, თითქმის სრულებით უძრავად. უფრო მიაშტერა თვალი ანდრიმ და ყურადღებით დაუწყო ცქერა, რათა გაერჩია, ეძინათ თუ მკვდრები იყვნენ, რომ ამ დროს რაღაც რბილს ფეხი წამოჰკრა. ეს იყო ალბათ ურის ქალის გვამი. ეტყობოდა, ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო, თუმცა დაუძლურებულ და განაწამებ სახეზე ეს აღარ ემჩნეოდა. თავზე წითელი აბრეშუმის თავშალი ჰქონდა შემოვლებული. ორი-სამი გრძელი ჩაწნული კულული გამხმარ, ძარღვებდაჭიმულ ყელზე გადმოშლოდა. გვერდით ეწვა ბავშვი, რომელსაც გამშრალ და გამხმარ ძუძუსთვის წაევლო ხელი და უნებური ბრაზით მთლად მოეგრიხა თითებით, რახან რძე ვერ ეპოვნა. ბავშვი ახლა აღარ ტიროდა, აღარც ყვიროდა, მხოლოდ ოდნავ მფეთქავ მუცელზეღა შეატყობდა ადამიანი, რომ ჯერ კიდევ არ მომკვდარიყო. სულსა ლევდა. ქუჩებში რომ შეუხვიეს, აქ უცებ ვიღაც შეშლილი დახვდათ, რომელმაც დაინახა თუ არა ძვირფასი ტვირთი, სტაცა გაშმაგებული ხელი და შეჰყვირა „პურიო“, მაგრამ ძალა აღარ ჰქონდა. ჰკრა ხელი ანდრიმ და შეშლილ მიწაზე გაიშხლართა. შეებრალა ანდრის გიჟი და ერთი პური გადაუგდო, რომელსაც იგი მაშინვე ცოფიანი ძაღლივით ეცა. დაღრღნა, დაკბინა პური გიჟმა და დაკრუნჩხულმა საშინელი ტანჯვით იქვე ქუჩაში დალია სული, რადგანაც საჭმელს უკვე გადაჩვეული იყო. თითქმის ყოველ ნაბიჯზე შიმშილის უბედურ მსხვერპლთ ხვდებოდნენ. თითქოს ტანჯვა სახლში ვეღარ აუტანიათო, ბევრი ქუჩაში გამოსულიყო: იქნება მასაზრდოებელი რამ ჰაერმა მაინც მოგვევლინოსო ერთი სახლის კართან ბებერი დედაკაცი მიმჯდარიყო, მაგრამ ვერავინ შეატყობდა – ეძინა, მომკვდარიყო თუ თავდავიწყებას მისცემოდა; სმენით სრულიად აღარა ესმოდა რა და ვეღარას ხედავდა. ჩაეკიდა თავი და იჯდა უძრავად. მეორე სახლის ჩარდახთან თოკი იყო ჩამოშვებული და ზედ ჩამომხრჩვალი კაცის ჩამომჭკნარი გვამი ეკიდა: საბრალოს შიმშილით ტანჯვა ვეღარ აეტანა და თვითმკვლელობა ემჯობინებინა. შიმშილობის ასეთი საზარლობა რომ ნახა, ვაღარ მოითმინა ანდრიმ და დაეკითხა თათრის ქალს:
„-ნუთუ ვეღარაფრით მოახერხეთ თავის გატანა? კაცს რომ მეტისმეტად გაუჭირდება, ყველაფერი უნდა ჭამოს, რასაც წინათ იზიზღებდა, - შეუძლიათ სჯულით აკრძალული ცხოველებიც კი ჭამოს; ერთი სიტყვით, ყველაფერი გამოიყენოს საზრდოდ.
-ყველაფერი შევჭამეთ, - უპასუხა თათრის ქალმა,- ვერაფერ ცხოველს, ვერც ცხენს, ვერც ძაღლს, ვერც თაგვს აქ ვეღარ იპოვით“.
ასეთსავე საზარელ მდგომარეობამ და მეორე მხრივ, პოლონელი ქალის სიყვარულმა ანდრი დააბნია, თავზარდაკარგულმა ჭაბუკმა საბედისწერო ნაბიჯი გადადგა: თავისიანების წინააღმდეგ აღმართა მახვილი.
ტარას ბულბას კი არაფრის მხედველობაში მიღება არ სურს – არც იმისა, რომ კაზაკები თავად იყვნენ თავდამსხმელნი, არც იმას, რომ ქალაქი საშიმშილოდ გაწირეს და იქ ჯოჯოხეთური პირობები შექმნეს, არც იმისა, რომ ანდრიმ დამშეული ადამიანები იხსნა.
ანდრი თავისი საქციელით უფრო კეთილშობილურია, ვიდრე ტარასი. ტარასისათვის სრულიად უცნობია ადამიანის სამშვინველის რთული მოძრაობა. იგი კაზაკობის ბრმა ერთგულია და სხვისგანაც ამას მოითხოვს. ტარასის სჯერა, რომ ვინც ამ ერთგულებას უღალატებს, იგი სიკვდილის ღირსია, შვილსაც ამიტომ კლავს.
პრ.მერიმეს ეგზოტიკური ნოველების რიცხვს ეკუთვნის „მატეო ფალკონე“, რომელშიც მერიმესათვის ჩვეული ლაკონიზმითა და დინამიკურობით ნაჩვენებია კორსიკელი გლეხის მატეო ფალკონეს ხასიათის სიმტკიცე, ძლიერი ნებისყოფა. დიდი სულიერი ენერგია, რასაც მოკლებულნი არიან მისი თანამედროვე ბურჟუაზიული საზოგადოების წარმომადგენელნი. მატეოს ერთადერთმა ვაჟიშვილმა ფორტუნადომ, მშობლების მინდვრად სამუშაოზე ყოფნის დროს, ეზოში თივის ზვინში დამალა პოლიციის მიერ დევნილი ყაჩაღი ჯანეტო. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც ეზოში პოლიციელები შემოიჭრებიან და იწყებენ უშედეგო ჩხრეკას, ფორტუნატო, პოლიციელი სერჟანტის მიერ შეთავაზებული საათით მოხიბლული, უმალ გაიშვერს თითს ზვინისაკენ.
ჯანეტო პოლიციელებს მიჰყავთ. გზაში შემოხვდებათ მატეო ფალკონე, რომელსაც ჯანეტო შეურაცხმყოფელი საყვედურით მიმართავს. მატეო სდუმს. შეურაცხყოფა სამართლიანად მიიჩნია. შვილის ღალატით, გამცემლობით თავზარდაცემული მამა თავისი ხელით უყოყმანოდ ჰკლავს ერთადერთ ვაჟიშვილს. რათა კორსიკული მორალის თვალსაზრისით აღდგენილ იქნას მისი ოჯახისა და მთელი საგვარეულოს შელახული ღირსება – პატიოსნება. ამაყი კორსიკელის აზრით ეს იყო ერთადერთი სამართლიანი მსაჯული ღალატისათვის.
საგულისხმოა, რომ ნოველის მიხედვით მატეო ფალკონე არ არის რომანტიკული, განსაკუთრებული, იშვიათი „გამონაკლისი“ პიროვნება. პირიქით, მერიმე ცდილობს გვიჩვენოს მისი ტიპიურობა ყველა დეტალით. მკითხველი რწმუნდება, რომ ყოველი კორსიკელი გლეხი ისევე მოიქცეოდა, როგორც მატეო ფალკონე, იმდენად რეალისტურად ასაბუთებს ავტორი ასეთი საქციელის გარდუვალობას. მატეოს საქციელი, მისი რეაქცია სავსებით გამომდინარეობს მისი ცხოვრების კონკრეტული პირობებისაგან, მისი რწმენის, შეხედულებისაგან, იმ წრისა და ხალხის წარმოდგენებიდან, რომელსაც ფალკონე ეკუთვნოდა.
ჯიანეტოს გამოჩენისთანავე ფორტუნატო გარიგებას სთავაზობს: - „რას მომცემ, რომ დაგმალო?“ ჯერ კიდევ აქ ჩანს პატარა ბიჭის ხასიათის არამყარობა. „ვერცხლის ფულის დანახვაზე ფორტუნატომ გაიღიმა, ბრჭყვიალა ლითონს ხელი სტაცა და ჯიანეტოს წასჩურჩულა:„-ნუ გეშინია“.
მეორე მონაკვეთში უფრო მძაფრად აგვიღწერს პრ. მერიმე ქრთამის შეთავაზების მომენტს:
„საათი სახესთან მიუტანა (ათისთავმა), თითქმის ეხებოდა ბავშვის გაფითრებულ ლოყას. ბავშვს სახეზე ეხატებოდა ბრძოლა, რომელიც მის სულში წარმოებდა საათის მძაფრ სურვილსა და სტუმართმოყვარეობის ვალდებულებას შორის. გაღეღილი მკერდი უთრთოდა, გული ყელში ებჯინებოდა, ამავე დროს საათი მის თვალწინ ტრიალებდა და რამდენჯერმე ცხვირის წვერს მოხვდა. ბოლოს ნელ-ნელა ხელი გაიწოდა საათისაკენ, შეეხო მას... ფორტუნატომ მარცხენა ხელი ასწია და ცერით მიუთითა უკან, ზვინისაკენ, რომელსაც თვით იყო მიყრდნობილი. ათისთავი მაშინვე მიხვდა, ძეწკვს ხელის გაუშვა და ფორტუნატო საათის ერთადერთი მფლობელი გახდა.“
როცა ჯიანეტო დაიჭირეს „ბავშვმა უკან გადაუგდო ვერცხლის ფული, რადგან იფიქრა, არ დამიმსახურებიაო, მაგრამ ფირალმა ამას, როგორც ეტყობოდა, არავითარი ყურადღება არ მიაქცია.
შემდეგ კი მოვლენები ასე ვითარდება: სახლში დაბრუნებულ მატეოს ათისთავი მადლობას ეუბნება: „შენი პატარა ფორტუნატო რომ არ ყოფილიყო, ვერასოდეს აღმოვაჩენდით. ჩემმა პატარა ძმისწულმა გვიჩვენა მისი ბუნაგი. ქალაქიდან რაიმე საჩუქარს გამოვაგზავნინებ მისთვის;“ ამ დროს კი ჯიანეტო სახლისკენ მიბრუნდა, ზღურბლს მიაფურთხა და თქვა:
„-გამცემის სახლი!“
„მხოლოდ სასიკვდილოდ განწირული კაცი თუ გაბედავდა მატეოსთვის გამცემელი ეწოდებინა“-დასძენს ავტორი. -„მაგრამ ახლა მატეომ მხოლოდ შუბლზე მოისვა ხელი, როგორც ადამიანმა, რომელიც განადგურებულია მომხდარი ამბით და ვერ გამორკვეულა“.
ეს ყველაზე შეურაცხმყოფელი იყო მატეოსთვის;
„-კარგად იწყებ ცხოვრებას! - თქვა ბოლოს მატეომ დამშვიდებული ხმით, მაგრამ ვინც მას იცნობდა, ამ ხმაში მუქარას გაიგონებდა. „-ეს ბიჭი პირველია, რომელმაც ღალატი ჩაიდინა ჩვენს გვარში.“ შემდეგ კი, მატეომ თოფის ლულა მიწას დაარტყა, მოტრიალდა, თოფი მხარზე გაიდო და ფორტუნატოს უბრძანა, უკან გამომყევ ტევრისკენო. ბავშვი უსიტყვოდ დაემორჩილა. ჯუზეპა ქმარს უკან დაედევნა და სახელოში ჩაეჭიდა. თვალებში ჩააცქერდა თითქოს მისი სულის წაკითხვას ლამობსო. ჯუზეპამ ვაჟი გულში ჩაიკრა, აკოცა და შინ დაბრუნებული ღვთისმშობლის ხატის წინ ლოცულობს.
მატეომ კი „შესაფერისი“ ადგილი შეარჩია, ბავშვი მუხლებზე დაეცა: - მამა, მამა, ნუ მომკლავ! შემიბრალე, არასოდეს ამას აღარ ვიზამ!
იგი კიდევ რაღაცას ლუღლუღებდა. მატეომ თოფი დაუმიზნა და უთხრა: - ღმერთმა გაპატიოს!
ფინალი კი: ბავშვმა სასოწარკვეთილად ძალა მოიკრიბა, უნდოდა წამომდგარიყო და მუხლებში ჩავარდნოდა მამას, მაგრამ გვიანღა იყო. მატეომ გაისროლა და ფორტუნატო უსულოდ დაეცა.
მატეოს გვამისთვის არ შეუხედავ, სახლისკენ გაემართა, რათა ნიჩაბი მოეტანა და საფლავი გაეთხარა. ორიოდე ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო, წინ ცოლი გადაეღობა, სროლის ხმას შეეშფოთებინა.
„-რა ჩაიდინე?- შეჰბღავლა ქალმა.
-მართლმსაჯულება შევასრულე დამნაშავის მიმართ.
-სად არის?
-ხრამის პირას, ახლავე დავასაფლავებ. მოკვდა როგორც ქრისტიანი; მღვდელს ვაწირვინებ. ჩვენს სიძეს, ტეოდორო ბიანკის უნდა შევუთვალოთ, ჩვენთან გა დმოვიდეს საცხოვრებლად“.
ასე მშრალად და სიტყვაძუნწად ამთავრებს მწერალი ნაწარმოებს, მას ალბათ არ შეუძლია მამის შინაგანი განცდების გადმოცემა, და ყოველივე განსასჯელად მკითხველს დაუტოვა. თუმცა სულ უკანასკნელ წინადადებაში, როცა მატეო სიძეს ახსენებს, ჩანს მისი გენის გადაშენების სიმძაფრის შეგრძნება.
არც მატეო ფალკონე უწევს ანგარიშს გარემოებას. მისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ ფორტუნატო ბავშვია, რომ ბალღი იოლად გააბრიყვა გამოცდილმა და გაქნილმა ჟანდარმმა. არც შვილის ვედრებამ იმოქმედა მატეო ფალკონეზე. მან სრულიად მშვიდად მოკლა ფორტუნატო და ასევე აუღელვებლად უთხრა ცოლს: -„...ახლავე დავასაფლავებ, მოკვდა, როგორც ქრისტიანი, მღვდელს ვაწირვინებ. ჩვენს სიძეს ტეოდორო ბინკის უნდა შევუთვალოთ, ჩვენთან გადმოვიდეს საცხოვრებლად“.
შვილის მოკვლა მამის მიერ, რა პირობებშიც უნდა მოხდეს ეს, ანტიბუნებრივი მოვლენაა. ამგვარი პათოლოგიური შემთხვევა აღწერეს გოგოლმა, პროსპერ მერიმემ, ალექსანდრე ყაზბეგმა. თუმცა ალ.ყაზბეგი უფრო დამაჯერებლად ხატავს მამის მიერ შვილის მკვლელობის სურათს. ჯერ ერთი, ხევისბერი აფექტის დროს კლავს ონისეს. ე.ი. გოჩას საქციელი არაცნობიერია. ისინი ამას წინასწარმოფიქრებულად აკეთებენ. მეორეც, როგორც კი ხევისბერმა გააცნობიერა, რაც ჩაიდინა, იგი გაგიჟდა. ბუნებრივია, ჩადენილი აქტის სიველურე თავზარდამცემია და ვერც ერთი ნორმალური გონება ვერ გაუძლებს მას.
თუ ზნეობრივი თვალსაზრისით შეხედავთ ალ.ყაზბეგის, გოგოლის, პრ.მერიმეს აღწერილ შემთხვევებს, უნდა ვთქვათ, რომ არ არსებობს უფრო დიდი უზნეობა, ვიდრე მამის მიერ შვილის მოკვლაა (ან შვილის მიერ მამის მოკვლაა). მაგრამ ხევისბერმა გოჩამ ზღო ეს დანაშაული, გამოწვეული ელდის დაცემით. მან გონება დაკარგა. თავიდანვე შეიქმნა თავისივე საქციელის მსხვერპლი. ტარას ბულბასა და მატეო ფალკონეს სულიერ სამყაროში შვილებისადმი თანაგრძნობის მისხალიც კი არ აღმოჩნდა.
ძველი აღთქმის დაბადების წიგნში (თავი 22) ნაამბობია: აბრაამს გამოეცხადა ღმერთი და უთხრა – წაიყვანე შვილი შენი ისაკი მაღალ ქვეყანას და შესწირე მსხვერპლად უფალს. ადგა ადრე დილით აბრაამი, დააპო შეშა, შეკაზმა სახედარი, იახლა ორი მონა და, ისააკთან ერთად, გაემართა ღმერთის მითითებულ ადგილისაკენ. მესამე დღეს დაინახა აბრაამმა ადგილი, რომელიც უჩვენეს. იქვე დატოვა მონები და ვირი. დაუბარა მათ: წავალთ მე და ისააკი, თაყვანს ვცემთ და დავბრუნდებით. წაიღეს შეშა, ცეცხლი და დანა. ბიჭმა იკითხა – გვაქვს შეშა და ცეცხლი, მაგრამ სად არის სამსხვერპლო ცხვარი? მამამ უპასუხა: ღმერთმა თავად უწყის რომელია ტარიგი. მივიდნენ მინიშნებულ ადგილას. აბრაამმა გააკეთა საკურთხეველი, დააწყო ზედ შეშა, შეკრა ისააკი და დააწვინა სამსხვერპლოდ. აღმართა დანა დასაკლავად, მაგრამ უფლის ანგელოსმა მოუწოდა აბრაამს – ნუ მოკლავ ჭაბუკს, ვხედავ, როგორ გშინებია ღმერთის, რაკი არ შეიბრალე ერთადერთი ძეც. აღაპყრო თვალნი აბრაამმა და უკან დაინახა ვერძი, ჯაგნარში რქებით გაბმული. დაიჭირა იგი, შესწირა ღმერთს შვილის მაგიერ და უწოდა იმ ადგილს იეჰოვა – რაც ნიშნავს „უფალმა იხილა“.
აქ არაფერს ამბობს „დაბადების“ ავტორი, არ მოგვითხრობს რა განიცადა აბრაამმა. ერთადერთი ის არის ნათქვამი: - უცებ რქებით ბუჩქებში გახლართული ვერძი დაანახა და ისააკის ნაცვლად უფალს მსხვერპლად ის შესწირეო. ის ვერძი მანამდისაც იქ იქნებოდა, მაგრამ აბრაამს არ დაუნახავს თუ ზედაც არ შეუხედავს, წამითაც არ შეპარვია ეჭვი, რომ საკუთარი შვილი უნდა შეეწირა მსხვერპლად. მან ცხადყო, რადგან ურყევი იყო მისი რწმენა, მისი სიყვარული და სასოება უფლის მიმართ. სწორედ ამის გამო უწოდეს შემდგომში აბრაამს „რწმენის მამა“.
საგულისხმოა, რომ ისეო ქრისტეს სახელს ისააკის მსხვერპლად შეწირვის მთელ ამბავსაც უკავშირებენ ხოლმე. აი, რას გვეუბნება ამის თაობაზე არქიმანდრიტი პიროსი (ოქროპირიძე):
„წმიდა მამები მსგავსებას ხედავენ ისააკისა და იესო ქრისტეს ცხოვრებაში. აი, ეს მსგავსება: როგორც აბრაამი ღმერთის სიყვარულით სწირავს თავის შვილს მსხვერპლად, ისე მამა ღმერთმა „არა ჰრიდა ძესა თვისსა, არამედ მისცა იგი ჩვენ ყოველთათვის“ (რომ.8,32); ისააკი გამოვიდა თავის სახლიდან და წავიდა შესაწირავ მსხვერპლად მთაზე. იესოც ივნო იერუსალიმის გარეთ გოლგოთაზე; ისააკმა თვითონ იტვირთა ის ჯვარი, რომელზეც აცვეს; ისააკი დაემორჩილა მამის ნება-სურვილს და წინ არ აღუდგა მას, იესოც ვნების ჟამს მთლიანად დაემორჩილა მამას ჯვარზე სიკვდილამდე (ფილიპ.2,8); ისააკი უნდა მისცემოდა სიკვდილს სრულიად უდანაშაულოდ, იესოც ივნო და მოკვდა სრულიად უდანაშაულოდ, სხვათა დანაშაულის გამო; ისააკის მსხვერპლად შეწირვამ კურთხევა გამოიწვია აბრაამის შთამომავლობაზე, ესოს ჯვარცმაც ბევრ მადლს და წყალობას ანიჭებს ყველას, ვისაც სწამს იგი“.
ადამიანის შეწირვა არ შეიძლება, და არ შეიძლება, რადგანაც კაცის კვლა ცოდვაა.
„იესო (ძე ღვთისა) უნდა მომკვდარიყო ხალხისათვის, და არა მარტო ხალხისათვის, არამედ რათა ღმერთის გაბნეული შვილნიც შეეკრიბა ერთად“(იოან.11,51-52);
იესო ქრისტე ევნო, ეწამა და ჯვარს ეცვა მთელი კაცობრიობის ცოდვათა გამოსასყიდად და, ის ნებაყოფლობით შეეგება ამ უდიდეს განსაცდელს, საკუთარი ნებით შეეწირა მსხვერპლად კაცთა მოდგმის სულიერი გამოხსნის საღვთო საქმეს.
იესო ქრისტე იყო უკანასკნელი მსხვერპლი, ამიერიდგან სრულდება უსისხლო მსხვერპლშეწირვა (ბერობა და მონაზვნობა, როცა ადამიანი მთელ თავის ცხოვრებას უძღვნის უფალს);
როგორც ამბობს იოანე ღვთისმეტყველი, ისე შეიყვარა უფალმა ეს სოფელი, რომ ძე თავისი მხოლოდშობილი მისცა მას. მამა სწირავს შვილს. სწირავს მას კაცობრიობის გამოსახსნელად უდიდესი სიყვარულისა და სიკეთის ნიშნად;
აქვე გადავხედოთ მსაჯულთა წიგნს, სადაც მოთხრობილია ამბავი იეფთაეს შესახებ:
იეფთაე მაგარი ვაჟკაცი იყო, უფრო გვიან ხანაში მცხოვრები მსაჯული. მან ადრე მიატოვა მამისეული სახლი, გერ ძმებს გაერიდა, თავზეხელაღებული ხალხი შემოიკრიბა და ისრაელიანთა მტრებს არბევდა. დიდი სახელი დაიგდო. ისრაელიანებს მტერთან ბრძოლა რომ გაუძნელდათ, იეფთაე მიიწვიეს სარდლად წინამძღვრად.
ისრაელის მტრები ამჯერად ყამონიანები იყვნენ, იორდანეს აღმოსავლეთით მცხოვრები ხალხი. ძნელი ბრძოლა მოელოდა იეფთაეს. „ასე აღუთქვა უფალს: თუ ხელში ჩამაგდებინებ ყამონიანებს, როცა შინ მშვიდობით დავბრუნდები, ვინც პირველი გამომეგებება ჩემი სახლის ჭიშკართან, უფლის იყოს და შევწირავ აღსავლენ მსხვერპლად“(მსაჯ.11,30-31);
გაუმარჯვდა იეფთაეს, სასტიკ ბრძოლაში სძლია ყამონიანებს და დაიმორჩილა ისინი.
ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ შინ დაბრუნდა იეფთაე. „და, აჰა, როკვით გამოეგება თავისი ასული დაირით ხელში. ეს ერთი ჰყავდა, მის გარდა, არც ვაჟი ჰყავდა და არც ქალი“(მსაჯ.11,34); ამ სიტყვებით ათკეცდება ის ტრაგიზმი, რაც თავისი აღთქმით თავს დაიტეხა იეფთაემ: მხოლოდშობილი ასული უნდა შესწიროს მსხვერპლად, რადგან უფლისთვის მიცემული პირობის დარღვევა არასგზით არ შეიძლება, და მანუგეშებელიც აღარავინ რჩება უბედურ მამას.
ვაიმე, შვილო, როგორ დამღუპე, ეს რა უბედურება დამატეხეო!- შეჰღრიალა საცოდავმა.
საგულისხმო ის არის, ქალიშვილმა რომ შეიტყო მამამისის მიერ დადებული აღთქმის ამბავი, წარბი არ შეურხია; რაკი უფალს პირობა მიეცი, უნდა შეასრულო კიდეც, ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს , ორი თვით გამიშვი მთაში წავალ და ჩემს დობილებთან ერთად ჩემს ყმაწვილქალობას გამოვიგლოვებო.
ორი თვის თავზე ჩამობრუნდა იეფთაეს ასული და „აღასრულებინა დადებული აღთქმა“. აქ ავტორი მეტს აღარაფერს გვეუბნება, ოღონდ ამგვაარი სევდიანი სტრიქონებით ამთავრებს ამ ტრაგიკულ ამბავს:
„წესად დაიდო ისრაელში, რომ წელიწადში ერთხელ, ყოველ წლისთავზე, წავიდოდნენ ისრაელიანი ქალიშვილები და ოთხ დღეს დასტიროდნენ იეფთაეს ასულს“(მსაჯ.11,40);
იეფთაესა და მისი ასულის ამბავი ერთ-ერთი ყველაზე გულისშემძვრელი ეპიზოდია „ბიბლიისა“.
ანდა ბერძნულ მითებს დავაკვირდეთ:
ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა ბერძნები ტროაში მიდიოდნენ საომრად. ელინთა სარდალმა აგამემნონმა შველს ისარი ესროლა. შველი თურმე ქალღმერთ არტემიდეს ეკუთვნოდა. ატრევსის ძის თავხედობამ განარისხა ქალღმერთი. მან პირქარი მოუვლინა ბერძენთა ხომალდებსა და ტროასკენ წასვლის საშუალება მოუსპო. აგამემნონი იძულებული გახდა შევედრებოდა არტემიდეს და საშინელი ფიცი მიეცა. თუ ზურგქარს მოგვივლენ და ომშიაც დაგვეხმარები, ღვიძლს ქალიშვილს იფიგენიას შემოგწირავო ზვარაკად. მამამ ავლიდში ჩამოიტყუა შვილი დაპირებით – აქილევსს უნდა გაგაყოლოო ცოლად. გათხოვების მაგიერ, აგამემნონმა არტემიდეს ბაგინზე გაგზავნა შვილი მსხვერპლად, მაგრამ ქალღმერთს შეებრალა უმანკო ასული და საკურთხეველზე შველით შეცვალა იგი. მერე იფიგენია ტავრიდში წაიყვანა ქალღმერთმა და ქურუმი გახადა.
სხვათა შორის, პომპეიში არსებობდა ფრესკა (ამჟამად ნეაპოლის ეროვნულ მუზეუმშია გადატანილი), რომელზეც ასახულია იფიგენიას ზვარაკად მიყვანა. იფიგენია ორ მონას უჭირავს ხელში და ბაგინისაკენ მიჰყავთ. მოშორებით, შვილისაკენ ზურგშექცეული დგას აგამემნონი. მას ხელი აქვს თვალებზე აფარებული და სახე არ უჩანს. სპეციალისტები ამბობენ, რომ აგმემნონის ამგვარი გამოსახვა მხატვრის დიდ ნიჭიერებას მეტყველებსო. არავის ძალუძს გვიჩვენოს დამაჯერებლად მამის ტანჯვა, როცა იგი უყურებს შვილის სიკვდილს (მით უმეტეს, მკვლელობას). ამიტომ როგორც უნდა დაეხატა მხატვარს აგმემნონის სახე, მაინც უკმარისობის გრძნობას დაუტოვებდაო მაყურებელს, ახლა კი, როცა მის სახესა და თვალებს მნახველი ვერ ხედავს, თავად შეძლებისამებრ შეუძლია წარმოიდგინოს მამის ტანჯვა.
იფიგენიას კულტი მჭიდროდ არის დაკავშირებული არტემისთან. ამ ღვთაებას ზოგჯერ არტემის – იფიგენიასაც უწოდებდნენ. გვიანი მითები გვამცნობენ, რომ არტემისმა იფიგენიას უკვდავება მიანიჭა და კუნძულ ლევკასზე დაასახლა, სადაც იგი ბოლოს და ბოლოს დაქორწინდა აქილევსზე, თუმცა სახელი შეიცვალა; აქ მას ორსილოქეა შეერქვა. ბერძნული მითოსის სისტემატიზატორის, ჰესიოდეს თანახმად კი იფიგენია გარდაცვალების შემდეგ აღსდგა ჰეკატეს სახით. როგორც ჩანს, იფიგენია იყო ადგილობრივი ღვთაება, რომელსაც აიგივებდნენ არტემისთან ან ჰეკატესთან. ჰომეროსთან იფიგენიას სახელი იფიანასა.
იფიგენიას მითოსზეა აგებული ევრიპიდეს ტრაგედიები „იფიგენია ავლისში“ და „იფიგენია ტავრისში“. არც რომაულ ლიტერატურას დაუტოვებია იგი უყურადღებოდ (ლუკრეციუსი, ოვიდიუსი) და არც მომდევნო ეპოქების სიტყვაკაზმულ მწერლობასა (გოეთე, ჰაუპტმანი) თუ ფერწერას (კაულბახი, ტიეპოლო, სეროვი და სხვ.).
მედეას მითში კი, მას შემდეგ რაც მედეამ და იასონმა კორინთოს შეაფარეს თავი, მათ სამი შვილი შეეძინათ; ათი წელი ბედნიერად ცხოვრობდნენ, მაგრამ შემდეგ იასონმა ფიცი გატეხა და კორინთოს მეფის ასულ კრეუსაზე გადაწყვიტა დაქორწინება. მედეამ კრეუსას შვილების ხელით „სამეფო ძღვენი“, მოწამლული პეპლოსი გაუგზავნა, რომლის მხრებზე მოსხმისთანავე დაიღუპა კრეუსაც და მამამისი კრეონიც, რომელიც ცდილობდა მიშველებოდა შვილს და პეპლოსი აეგლიჯა.
მედეას შურისგება ამით არ დამთავრებულა. მან საკუთარი ხელით მოკლა შვილები და ჰელიოსის ეტლით, რომელზეც დაასვენა ცხედრები, გაეცალა კორინთოს. იასონმა თავი მოიკლა. აქ საერთოდ არაა გადმოცემული მედეას განცდები, ემოცია. იასონმა კი თავი მოიკლა.
ამის შემდეგ ლტოლვილი კოლხი თებეს მიადგა, რათა ჰერაკლესათვის ეთხოვა თავშესაფარი. მაგრამ ჰერაკლე სიგიჟით შეპყრობილი დახვდა. ჰერას ნებით, გონგარდასულს ამოეხოცა ცოლ-შვილი; მედეამ განკურნა იგი, მაგრამ მასთან აღარ გაჩერებულა, რადგან ჰერაკლეს ცოდვათაგან განსაწმენდად წინ 12 საგმირო საქმე ელოდა ;
მედეას მითოსის დრამატული სიუჟეტი ყველაზე მძაფრად წარმოადგინეს ჯერ ევრიპიდემ და სენეკამ ამავე სახელწოდების ტრაგედიებში, ხოლო შემდეგ სხვა დრამატურგებმა (დოლჩე, კორნელი, გრილპარტერი, ანუი, ბრაუნი და სხვა). ხოლო ქართულ მწერლობაში ა.წერეთელმა, ლ.სანიკიძემ, ო.ჭილაძემ და სხვა.
„ჰერას მიერ დევნილი“ თუ „ჰერას მიერ განდიდებული“ ჰერაკლე ზევსისი უსაყვარლესი ძე იყო; მის დასაღუპად ჰერა ყველაფერს იგონებდა, ხოლო ჰერაკლე ღირსეულად აღწევდა თავს ყველა განსაცდელს. მაგრამ ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ჰერამ საზარელი სენი შეჰყარა ზევსის რჩეულ ძეს: გონება წარსტაცა და სიგიჟე მოუვლინა. ჰერაკლემ თავისი ექვსი შვილი მტრად ჩათვალა და ამოხოცა, ხოლო გვამები კოცონზე დაწვა. მათ თავისი ტყუპისმეცალე ძმის იფიკლესის ორი ძეც მიაყოლა. როდესაც გმირი გონს მოეგო, რამდენიმე დღით ჩაიკეტა ბნელ ოთახში, ხოლო განწმენდის რიტუალის აღსრულების შემდეგ დელფოს სამისნოსკენ გაეშურა, რათა შეეტყო, თუ როგორ მოენანიებინა უნებურად ჩადენილი ცოდვა. პითიამ მოუწოდა, მისი მშობლების სამკვიდრებელ ტირინისში წასულიყო და მეფე ევრისთევსის კარზე თორმეტი წელი ემსახურა. ქურუმმა ჰერაკლეს უკვდავება უწინასწარმეყტველა, ოღონდ გმირს ევრისთევსის ბრძანებით 12 საქმე უნდა აღესრულებინა.
„მე ჩემი ნებით როდი ვცოდავ, მაღალი ძალა მაიძულებს, ჩავიდინო დანაშაული. მე ხომ თავადაც ვიტანჯები. განა გონება დაბინდული არ მქონდა მაშინ, როცა დავხოცე ჩემი და ჩემი ძმის შვილები. მერე ევრისთევსს ვემსახურე მრავალი წელი ღმერთების ნებით, და ყველა ცოდვა გამოვისყიდე“. - ეუბნება ჰერაკლე პითიას, სადაც ჩანს, როგორც იტანჯება ღმერთკაცი.
ჰერაკლე გამარჯვების გზით მიემართებოდა ოლიმპოსისკენ. ამით იყო მისი მიწიერი ცხოვრება უაღრესად მნიშვნელოვანი, ხოლო ზეციურ სამყოფელში, სადაც სუფევს წესრიგი და კეთილგანგება, ჰერაკლე ჩვეულებრივი უკვდავია. მას აღარ სჭირდება გამარჯვებისათვის ბრძოლა და ამიტომაც სდუმან მითები მის მარადიულ ცხოვრებაზე.
დიდი ვაჟკაცია ვაჟას ბაკური! დიდი ვაჟკაცია ბალზაკის ელვერდუგო! ბაკურმა თვითონ დააყრევინა ცოლ-შვილს თავები.
,,ისევ მე დაგხოც!”-და ცოლ-შვილს
თავები დასჭრა წამზედა...
თორმეტი მოკლა ციხის კარს,
ერთურთზე დააწვინაო.
ვეფხვსა დააცვდა კლანჭები:
ბაკურმაც დაიძინაო...”
ელვერდუგომაც თავად დახოცა ცოლ-შვილი. ვერც ბაკურმა, ვერც ელვერდუგომ მტრის საჯიჯგნად ვერ გაიმეტეს ღვიძლი ადამიანები!
რატომ ჰგავს ერთმანეთს ეს ორი შედევრი-,,ბაკური” და ”ელვერდუგო”?
როდის დაიწერა ვაჟას პოემა?
როდის შეიქმნა ბალზაკის ნოველა?
რატომ გვანან ისინი ასე ძალიან ერთმანეთს?
იმიტომ ალბათ, რომ ორივე -ბალზაკიც და ვაჟაც – გენიოსია. გენიოსები კი ხშირად ფიქრობენ ერთნაირად!
ალბათ, ამიტომ არის, რომ ყაზბეგმაც, გოგოლმაც, მერიმემაც მამების საქციელი აღწერეს, მაგრამ არ გადმოუციათ მათი სულის მოძრაობა შვილების მკვლელობის დროს, არც ერთი მათგანი არ შეეჭიდა შეუძლებელს.
დღესავით ნათელია ორივე მითის აზრი: მამის მიერ შვილის მოკვლა ღმერთისათვის არასასურველი სქციელია. არაფერს ცვლის ის გარემოება, რომ ისააკი და იფიგენია უდანაშაულონი იყვნენ. მართალია, ეს თითქოს აძლიერებს მამების ულმობლობას, მაგრამ ახლა ხომ იმის გამო არ ვმსჯელობ – რომელი მამა უფრო შეუბრალებელია, ის ვინც დამნაშავე შვილს ჰკლავს. უმთავრესად ის მიმაჩნია, რომ შვილის მოკვლით მამა არსებითად თვითმკვლელობას სჩადის, რამეთუ ანადგურებს საკუთარ მომავალს. ეს ნათლად იხატება ალ.ყაზბეგის მოთხრობაში, როცა ონისეს მოკვლის შემდეგ გოჩა გიჟდება. მართალია „ტარას ბულბასა“ და „მატეო ფალკონეში“ მომავლის განადგურების მოტივი უშუალოდ არ ვლინდება, მაგრამ თავისთავად იგულისხმება. ტარას ბულბა მტრებს რომ არ დაეწვათ, სულერთია მაინც ძირგამოგდებული, უიღბლო კაცია. იგი ქვეცნობიერად გრძნობს ამას, როცა ყველა ღონეს ხმარობს იხსნას მეორე შვილი, ასევეა დაქცეული მატეო ფალკონეს მომავალი. იგი იძულებულია სხვას მოუხმოს, ოჯახი რომ ჩააბაროს.
ამრიგად, მამამ, რომელმაც შვილი მოკლა, არსებითად ჩაიდინა თვითმკვლელობა, მოსპო მომავალი, დაარღვია ბუნების კანონი (მამა უნდა მოკვდეს, შვილი უნდა დარჩეს) და გაწყვიტა დროთა კავშირი.
ლიტერატურაში ამ პრობლემას ეწოდება ანტიდაბადება ან არსებობის მარადისობის დარღვევა.
თუ შვილების მიმართ ასე დაუნდობელი არის ტარას ბულბა და მატეო ფალკონე, როგორიღა იქნება მათი დამოკიდებულება საერთოდ მოყვასისადმი?
მათ ქმედებას შეუბრალებლობა და დაუნდობლობა წარმართავს და არა სიყვარული. ორივე სრული უარყოფაა ზნეობრივი პრინციპისა - „უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი თქუენნი“. უცოდველი კაცი ამ ქვეყნად არ არსებობს. ნუ განვიკითხავთ, რამეთუ არ განგვიკითხონ -გვეუბნება ბიბლიური სიბრძნე. ჰოდა, თუ უფალიც კი ცდილობს არ განიკითხოს ცოდვილი, კაცს ვინ მისცა ამის უფლება? მაგრამ უსაზღვროა ადამიანის ამპარტავნება და მუდამ ცდილობს სხვათა მსაჯულის როლი იკისროს. ეს კი ხშირად ხდება დანაშაულის საფუძველი.
ამ ნაწარმოებებით ვლინდება რა პრინციპით ცხოვრობს ადამიანი – დანაშაულის გამოსყიდვისა თუ შურისგებით? ცალკეული პიროვნება იქნება თუ მთელი საზოგადოება, არ შეიძლება ცხოვრობდეს შურისგების პრინციპით. ასეთი პიროვნება და საზოგადოება უმომავლოა. დანაშაულის შენდობა – პატიებისა და გამოსყიდვის პრინციპი კი მეტყველებს მოყვასის სიყვარულზე. სიყვარულით შედუღაბებული საზოგადოება კი მტკიცეა და მომავლიანი.
უნებურად მახსენდება ილია რეპინის ისტორიული სურათი „ივანე მრისხანე და მისი შვილი ივანე 1581 წლის 16 ნოემბერს“ (1885 წ.); ეს სურათი ი.რეპინის რეალისტური ხელოვნების მწვერვალია, ლ.ტოლსტოის თქმით, „იმდენად ოსტატურია, რომ არ შეიმჩნევა ოსტატობა“. ივანე მრისხანეს კვერთხის უეცარი დაკვრით სასიკვდილოდ დაუშავებია ვაჟკაცი შვილი, ძირს დამხობილს გულში ჩაუკრავს, საფეთქელში ხელს უჭერს, გადმოკარკლულ თვალებში ძრწოლა ჩასდგომია, სისხლი მოსჩქეფს...ესაა მამის ტრაგედიაცა და დესპოტიზმის ბრალდებაც. შვილის სახით რეპინმა დახატა მწერალი გარშინი. სინამდვილეში სურათი შთაგონებულია 1881 წლის 1 მარტის ამბებით, როცა მეფის მოძალადეებმა ერთხელ კიდევ სისხლში ჩაახშვეს ამბოხებული ხალხი. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია სინოდის ოპერპროკურორ პობედონოსცევს. სურათის გამოფენა აიკრძალა. კრამსკოი ყურადღებას აჩერებს ფენომენალურ დეტალზე: მკვლელობის უეცრობის ასახვის უნარზე. ერთმა დამთვალიერებელმა მეფეს დანა დაჰკრა.
ხევიბერიც, მატეო ფალკონეც, ტარას ბულბაც თავის მხრივ მართლები არიან, იმიტომ, რომ სახელმწიფოსა და ადამიანების წინაშე შემცოდე უნდა დაისაჯოს, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სამართლიანობის გრძნობა, უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფო დასჯის დამნაშავეს. მაგრამ აქ მთავარი არის ძირითადი პრინციპი: სასჯელის ფორმა არ უნდა უპირისპირდებოდეს ღმერთების კანონებს.
ამ მხრივ საინტერესოა ქართული პროზის ერთი ნიმუში, ქართულ სინამდვილეში, ალბათ, ყველაზე ტრაგიკული მწერლის, ალ.ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“. თვით გოჩას პიროვნება, როგორც მსაჯულის, ხევის ლიდერის და შვილის მკვლელი მამის.
...მოხდა დანაშაული...სიყვარულის თავდავიწყებამ წაიღო ონისა, რამაც სამშობლოს გუშაგის მოვალეობა დაავიწყა და მტერი შემოეპარა. ხევისბერმა გოჩამ დანაშაული არ შეუნდო შვილს და თავისი ხელით მოკლა. მით უმეტეს, რომ ონისემ ხელისმომკიდის მოვალეობაც დაარღვია და მეგობრის ცოლი შეიყვარა.
მოდით, გოჩას ფსიქიკურ მდგომარებას დავუკვირდეთ და, შეძლებისდაგვარად, ავხსნათ მისი საქციელი. მთელი სიცოცხლისს მანძილზე გოჩა ცდილობდა, საუკეთესო ესწავლებინა შვილისთვის, ჩაენერგა მისთვის ყველა ის თვისება, რაც ღირსეული ადამიანისთვის არის აუცილებელი – არაერთხელ გაუფრთხილებია გოჩას ონისე: „გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ...ვინძლო ქვეყანა არ გააცინო“-ო. ბრძოლის შემდგომ, თავდაპირველად, ონისე გოჩას თვალში გმირია, ამ აზრში კიდევ უფრო დარწმუნდა, როცა გაიგო მოხევეებისაგან, „ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, მტერს თავს შეაკლავდა“-ო. გოჩა უკვე მწვერვალზე იდგა, გახარებული, დამშვიდებული ამაყობდა შვილით და სწორედ ამ ბედნიერ წუთებში იგებს თავზარდამცემ სინამდვილეს. ონისემ მოხევეებს უღალატა... მოხდა ის, რასაც მთელი ცხოვრება ებრძოდა. და უცბად, ამ მაღალი, მიუღწეველი მწვერვალიდან გოჩა ძირს, მიწაზე აღმოჩნდა. გოჩა სტრესულ მდგომარებაში იყო. ის ვერ აცნობიერებდა, რას სჩადიოდა და სწორედ ასეთ მდგომარეობაში კლავს შვილს. გოჩა ანტიღვთაებრივი გმირია, შვილის მოკვლა მამის მიერ, რა პირობებშიც უნდა მოხდეს ეს, ანტიბუნებრივი მოვლენაა. ხევისბერი აფექტის დროს კლავს ონისეს ე.ი. გოჩას საქციელი არაცნობიერია, მაგრამ, როგორც კი მან გააცნობიერა მომხდარი, იგი გაგიჟდა. ეს მიმი ფსიქიკის ლოგიკური რეაქცია იყო მომხდარზე. გოჩა დაისაჯა. დაისაჯა იმიტომ, რომ დაარღვია ბუნების კანონი: მამა კვდება, შვილი რჩება, გაანადგურა მომავალი. იგი თავადვე შეიქმნა თავისივე საქციელის მსხვერპლი. მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი, იმ მომენტში გოჩა კლავდა არა შვილს, არამედ მოღალატეს, მაგრამ სინამდვილე სინამდვილეთ რჩება, გოჩამ შვილი გაიმეტა სასიკვდილოდ და მის საქციელს არანაირი გამართლება არა აქვს.
...თაობა მიდის, თაობა მოდის, იცვლება დრო, იცვლებიან ადამიანები. მაგრამ არსებობს რაღაც მუდმივი ფასეულობა, რაც ყველა ქვეყნის, დროისა და სივრცისათვის მარადიულია: ადამიანი, მისი ბედი, მისი თავისუფალი ნება და ღვთაებრივი სამართალი, რომლის წინაშე ხანდახან სამწუხაროდ, წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის მოქმედება, მისი ნაბიჯები, განსაკუთრებით ექსტრემალურ, დაძაბულ სიტუაციაში. ამ წინააღმდეგობას კი, ძალიან ხშირად, შედეგიც ანტიბუნებრივი, უჩვეულოდ დრამატული აქვს. აი, სწორედ ესაა ის საერთო, რომელიც, ჩემის აზრით მატეო ფალკონეს, ტარას ბულბას და ხევისბერ გოჩას აერთიანებს. თითქოს შორეული ანალოგიაა, თითქოს - ახლობელი. ნუ გაგიკვირდებათ: თვით ადამიანი ხომ ასე შორეული, გამოუცნობი და ასე ახლობელია იმის მიუხედავად, კორსიკის მოქალაქე იქნება ის, თუ საქართველოს ყველაზე მიუვალი კუთხის წარმომადგენელი.
აქვე მინდა მოვიყვანო ნაწყვეტი ნარგიზა მგელაძის ერთ-ერთი მოთხრობიდან, რომლის ბოლო აბზაცი მრავლისმთქმელია და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მომავალი და სამყარო მხოლოდ შვილებით და შვილებისათვის არსებობს. ბავშვები ხომ სამყაროს ყვავილები არიან;
„...ყველა საყდარი დაგენგრევა, მიუსაფარო, ყველა სამკვიდრო, ...დედის საშოდან გამოდევნილო, გზას გაუდგები საით? შენს კანს, რომელიც ასკილის ფურცელზე უფრო ნაზია, შეეხეთქება სამყაროს ხაო, სიცოცხლის ხორკლი... საით წახვალ, სად გიძახიან... ხელებს აცეცებ წყვდიადზე სად გზას მიიკვლევ, ვინ გელოდება? ვინ მოგყვება? ცრემლებით ხარ მდიდარი და მაგ ოცნებებით (როდის ისწავლე? სად დაგჩემდა?) გაგებნევა საუნჯე შენი, გაგეფანტება... ყარიბო და მიუსაფარო... მხეცის ბუნაგი უფრო საიმედოა და გველის ხვრელი, ვიდრე შენი კერა და ჭერი... ვის მიეკედლები, იპოვი კედელს, შენ რომ მიგიყრდნობს? მოგენატრება დედის საშო თბილწყლებიანი... ის კი, გახსოვს ბოლოს დიდი გულივით მძლავრად ფეთქავდა, რათა გარეთ გამოედევნე, როცა იქაც ზედმეტი გახდი... გამოდევნილო, შენ გიშორებს ყოველივე და სულ გიბიძგებს...სიცოცხლეც ასე შეიკუმშება რათა გაგდევნოს, ამოგისროლოს და იმწამსვე შეიკრას პირი, რომ ნაპრალად არსად დაჩნდე...სად და როდის გაგახსენდება დედის სხეულის თბილი გვირაბი, შენ რომ მაშინ გამოიარე, როცა სიცოცხლე შემოხსენი, წყალსა, ცრემლსა და სისხლში განათლულო, ან რა გვირაბით გახვალ აქედან... სად და როდის დაგაღონებს ის მოგონება, როცა სხეულის თბილ ბუდეში ნაზად გათბობდნენ, ამან თუ აღგითქვა ბედნიერება, იქ დაგპირდნენ ალერსს, სიყვარულს, იქ მიგაჩვიეს და ეძებ, ეძებ მერე შენს გზაზე მუდამ ჯიუტად... ხან მზეს უძახი: დედავ, მიმიღე! ხან მთვარისკენ გაიწვდი ხელებს, ხან ვარსკვლავებს მიაბჯენ წამწამებს, ხან ბალახისკენ დაიხრები... შენი ჯილაგის წევრს ევედრები – ადამიანს – დამიფარეო... მუდამ სახლს ეძებ, სულ დედა გინდა, გსურს ყოველივეს ჩაესახო და ისაშოო, გინდა საყდარი იპოვო მყარი, მაგრამ ყოველი მიდის და მოდის... დაგწვავს, დაგშაშრავს მზე, რომელიც გუშინ ჩუმად მოგელამუნა, გაგყინავს მთვარე, ოდესღაც ვერცხლის მაცდურ კოშკში რომ გაგიტყუა და ვარსკვლავიც ეგებ მაშინ მიეფაროს თვალს, როცა ღამეში ბილიკს დაკარგავ... და ბოლოს პირს იქცევ და მთელ სამყაროს დაემძახები...
... და მაინც ვარსკვლავებისკენ უნდა იარო და სხვისკენ აიღო გეზი, შენ, ობოლო და მიუსაფარო, უხილავი დედა იპოვე... დე, მუდამ გქონდეს დაუშრეტავი საუნჯე ცრემლის და არ დაივიწყო: იმითა ხარ უძლიერესი, რომ შენ ერთადერთს შეგიძლია, შეიცოდო მთელი სამყარო...“
ქრისტეს ათ მცნებაში წერია „არა კაც კლა“ და მით უმეტეს, ადამიანო, შვილი?! ზემოთმოყვანილ მაგალითებში შიშის ზარივით გაისმის ანტიდაბადება ანუ არსებობის მარადისობის დარღვევა;
ადამიანო, ეს ხომ შენი გენის შენივე ხელით გადაშენება... საზოგადოება და ინდივიდი, ხომ სხვათა შეცდომებზე ვსწავლობთ, ჰოდა... „გვიყვარდეს ერთმანეთი!“ და „მივუტევოთ და მოგვეტევაბა!“
თვით ღმერთები არ უშვებენ შვილის მსხვერპლად შეწირვას; მართლმადიდებელ ქრისტიენებს გვაქვს საპატრიარქოს გამოცემული ლოცვების კრებული, რომელშიც მოცემულია მშობლისა და შვილის ლოცვა, და რომლითაც მინდა დავასრულო ჩემი თემა;

დედის ლოცვა
ჰოი, სამებაო ერთარსებაო და განუყოფელო, მამაო, ძეო და წმიდაო სულო! გევედრები შენ, უფალო, დაიცავ შვილნი ჩემნი (სახელები) ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, მტერთაგან ხილულთა და უხილავთა და უცნაურისა სიკვილისაგან და ღირს ჰყავ ისინი ზეცისასა შენსა სასუფეველსა. დაუსაბამოით შენით ძითურთ და ყოვლად-წმიდით და სახიერით და ცხოველმყოფელით სულით შენითურთ, თაყვანის გცემ არსობით და გევედრებით, ნუ დახშავ საუნჯეთა შენთა შვილთა ჩემთათვის (სახელები). ნუ მაიძულებ მეფეო, რამეთუ ხელთა შენთა ქმნილნი არიან. დაიცავ შვილნი ჩემნი (სახელები) ამა სოფლის ამაოებათა ხიბლისაგან, არამედ სრულიად აღავსე გულნი მათი სულითა შენითა წმიდათა, რათა ყოველნი მათნი საქმენი წარემართნონ სულიერთა შენთა კეთილთა და საუკუნო ცხოვრებისაკენ. ამინ! ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღვთისმშობელო! იხსენ და დაიცევ შვილნი ჩემნი (სახელები) ცილისწამებისაგან, ყოვლისაგან ჭირისა და უეცარი სიკვდილისაგან. შეიწყალენ შვილნი ჩემნი ჟამთა დღისათა, განთიადისა და მწუხრისა და ყოველთა ჟამთა შინა, მძინარენი დაიცევ, დაიფარე და შეზღუდე. დაიცევ შვილნი ჩემნი, დედოფალო, ყოველთაგან მტერთა ხილულთა და არახილულთა, ყოველთა ჟამთა და საქმეთა ექმენ შვილთა ჩემთა, დედაო, გადაულახავ ზღუდედ და მტკიცე შემწედ, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

შვილის ლოცვა მშობლებისათვის
უფალო დაა ღმერთო ჩემო იესუ ქრისტე! შეისმინე ლოცვაი ჩემი მშობელთა ჩემთათვის. მიჰმადლე მათ ერთი ზრახვაი და სიყვარული ყოველთა ცხოვრებისა მათისათა. განამტკიცენ ხორცნი მათნი სიმრთელესა შინა, რაითა გმსახურებდნენ შენ საქმეთა მიერ მოწყალებისა და სახარებისამიერისა სახიერებისა. მასწავე მე მარადის მორჩილყოფად მშობელთა სიტყუასა, განმარინე მე თვალთმაქცობისა და მზაკვარებისაგან მათ წინაშე და ნუ დაგუაკლებ ჩუენ განმართლებასა საშინელსა შენსა სამსჯავროსა. ამინ!

გამოყენებული ლიტერატურა:

მასალები ვიკიპედიიდან



  • აკ.ბაქრაძე „ილია და აკაკი“, „საქართველო“ თბ.1992
    აკ.გელოვანი „მარად ცოცხალი ხელოვნება“ გამ: „ხელოვნება“,თბ.1980
    მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა: პროსპერ მერიმე ნოველები; გამ:„საბჭოთა საქართველო“, თბ.1978

  • განათლება (გაზეთი); 10-16.05.2001.
    რ.ნათაძე „ზოგადი ფსიქოლოგია“. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა; თბ.1986
    ფსიქიატრიული ცნობარი - „მართლმადიდებელი მოძღვრებისა და სასულიერო აკადემიის სრუდენტებისათვიას“; თბ.2006
    ალ.ყაზბეგი “ხევისბერი გოჩა“
    ვაჯა-ფშაველა
    მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის წიგნი პირველი ა-ლ, მეორე მ-ჰ; „ბაკმი“ 2006
    რელიგია და კულტურა VI-VII კლ. რ.თვარაძე, გამ: „კონა“ თბ.1998
    კარიბჭე, მართლმადიდებლური ჟურნალი №8 (69) 20 აპრილი-3 მაისი 2007

    სურათები:
    ი.რეპინი „ივანე მრისხანე და მისი შვილი“. 1885. ტრეტიაკოვის გალერეა.

  • მედეა. ამფორის ფერწერა (ძვ.წ.330-320 წ.წ.) პარიზი, ლუვრი
    იფიგენიას მსხვერპლად შეწირვა. პომპეის ფრესკა (ახ.წ.I ს.), ნეაპოლი, ნაციონალური მუზეუმი

  • ვაჟა-ფშაველა, რჩეული ორ წიგნად; ლექსები, წიგნი I თბ. 1970.«საბჭოთა საქართველო»

2 комментария:

  1. შესანიშნავი თემაა! კარგად არის გაშლილი და განხილული! თუ შევძელი, გამოგიგზავნით ”მამის ლოცვას” და თუ საჭიროდ ჩათვლით, აურთეთ ისიც!

    ОтветитьУдалить
  2. ძალიან კარგი პოსტია, თუმცა არ გეთნხმებით ტარას ბულბას განხილვისას. კაზაკებს მხოლოდ ალაფის მოპოვება თუ ადარდებდათ, გაძარცვავდნენ ქალაქს და უკან აღარ დაბრუნდებოდნენ. ისინი შეუპოვრად იბრძვიან სამშობლოსა და რწმენისათვის და ცხენებზევე იხოცებიან, წირავენ შვილსაც და ცოლსაც , ოღონდ სულის უკვდავება მოიპოვონ. მართლაც შეუბრალებლად და სასტიკად იქცევიან ალყის დროს, მაგრამ ასევე აწიოკებდნენ თათრები მათ სეჩს. ადრეის საქციელის გამართლება და კეთილშობილებად მონათვლა კი სულ მცირე არამორალურია, მან თავისიანებზე აღმართა მახვილი, მამასა და ძმას დაუპირისპირდა საყვარელი ქალის გამო. ეს უპატიებელი დანაშაული იყო, განსხვავებით ონისესაგან, მან თავისიანები კი არ გაყიდა, არამედ მტერი გამოეპარა. თუმცა მამამ ესეც არ აპატია, ტარასი და ოსტაპი თავიანთი სიკვდილით ამტკიცებენ, რომ რაინდული სული უკვდავია და კაცობრიობამ უნდა გააგრძელოს ბრძოლა თავისუფლებისა და რწმენისათვის.

    ОтветитьУдалить